საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიების ექსპერტები ერთობლივ აზომვებს განახორციელებენ
საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიების ექსპერტები ერთობლივ აზომვებს განახორციელებენ

დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში. დაიგეგმა საველე სამუშაოები – ერთობლივი აზომვები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე და მათი დათვალიერება.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, 19-23 აგვისტოს პერიოდში ექსპერტები ერთობლივად გაივლიან ცალკეულ მონაკვეთებს და დაგეგმავენ შემდეგ ეტაპზე დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულებას.

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ბოლო შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება იყო, რომ ექსპერტთა ჯგუფს გაეგრძელებინა მუშაობა უშუალოდ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ადგილზე აზომვებთან დაკავშირებით. პირველი შეხვედრა გაიმართა დღეს ექსპერტების დონეზე, ექსპერტები უკვე მუშაობენ და ისინი გააგრძელებენ მუშაობას შემდგომი დღეების განმავლობაში, რათა მოამზადონ მასალა უშუალოდ კომისიის შემდგომი შეხვედრისათვის. აღნიშნულ ეტაპზე ისინი გაივლიან სხვადასხვა დოკუმენტაციას და ჩაატარებენ საველე სამუშაოებს საზღვრის მიმდებარე მონაკვეთებზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.