საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა სავარაუდოდ ივნისის ბოლოს თბილისში გაიმართება
საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა სავარაუდოდ ივნისის ბოლოს თბილისში გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა სავარაუდოდ ივნისის ბოლოს თბილისში გაიმართება. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს დავით გარეჯის საკითხზე დასმულ კითხვაზე განუცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მეორე რაუნდის გამართვამდე ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას.

„არის მიღწეული შეთანხმება, რომ სანამ გაიმართება მოლაპარაკების მეორე რაუნდი, ჩვენ ველით, რომ ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას. ამისთვის არის მზაობა კომისიის ყველა მონაწილის მხრიდან და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, სავარაუდოდ ივნისის ბოლოს, უკვე თბილისში გაიმართება მეორე რაუნდი. ის ნება, რომელიც გამოხატულია, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანის მხრიდან, ისე საქართველოს მხრიდან მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლებელია, მიღწეულ იქნას ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.