საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

16:00, 21.07.2025

თბილისში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრების მოადგილეების დონეზე, პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიურ დღის წესრიგს.

„შეხვედრაზე, განხილული იქნა საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საბაჟო საკითხთა სფეროში ორ ქვეყანას შორის აქტიური ურთიერთქმედების მნიშვნელობას. კმაყოფილებით აღინიშნა როგორც მაღალი დონის, ასევე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის დადებითი დინამიკა. აგრეთვე განიხილეს ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში თანამშრომლობის აქტიური დღის წესრიგი. პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და არსებულ გამოწვევებზე, რა დროსაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მხარეები მიესალმნენ მიმდინარე წლის 17 აპრილს, საქართველოში გამართულ საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის სამმხრივ შეხვედრას, საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს დიდი პოტენციალი ურთიერთსასარგებლო ინიციატივებისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად. მხარეებმა კვლავ დაადასტურეს ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა და ერთგულება. ყურადღება გამახვილდა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ერთობლივი სტრატეგიული პროექტების განხორციელების და რეგიონის სატრანზიტო, სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე. განხილულ იქნა „შუა დერეფნისა“ და დაკავშირებადობის მნიშვნელობა, ასევე მწვანე ენერგიის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისა და ორი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობისათვის მზადყოფნა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კონსულტაციების მიმდინარეობისას ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის დელეგაციას – აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამირ შარიფოვი.

მსგავსი