საქართველოსა და ავსტრიას შორის ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ავსტრიას შორის ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს, გერჰარდ კარნერს შეხვდა.

ორმხრივ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქეთევან ციხელაშვილი.

ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებული ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. ალექსანდრე დარახველიძემ ავსტრიულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარების და მათი პრევენციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრსა და ვენის პოლიციის დირექციას ეწვია, სადაც დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ.

ვიზიტის დასასრულს მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან, მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.