საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა

დუბაიში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორაციით, მხარეებმა მოლაპარაკებები გამართეს როგორც საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე, ასევე თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა საბაჟო და წარმოშობის წესები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა, ვაჭრობაში ტექნიკურ ბარიერები და სხვა.

„აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებს შორის მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. ასევე, შემდგომი რაუნდის გამართვა საქართველოში 2023 წლის მარტში დაიგეგმა.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი თბილისში მიმდინარე წლის 26-28 სექტემბერს გაიმართა. ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს“,  – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.