საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა #1TVSPORT
ზაგრებსა (ხორვატია) და პოდგორიცაში (მონტენეგრო) დაიწყო წყალბურთელ ვაჟთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის გათამაშება. ფინალური ეტაპის ექვსი საგზურისთვის, ბუდაპეშტში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით, 12 ნაკრები იბრძოლებს.
A ჯგუფი (ზაგრები, ხორვატია): იტალია, იაპონია, ხორვატია, უნგრეთი, საფრანგეთი, აშშ.
B ჯგუფი (პოდგორიცა, მონტენეგრო): სერბეთი, საბერძნეთი, საქართველო, ავსტრალია, ესპანეთი, მონტენეგრო.
საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა 8 მარტს, მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარა. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა საკმაოდ ძლიერ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ მინიმალური ანგარიშით 12:13 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფებში გუნდები წრიული სისტემით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 3-3 საუკეთესო კი ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრების შეხვედრათა განრიგი:
9 მარტი
22:30 საქართველო – ავსტრალია
10 მარტი
20:30 ესპანეთი – საქართველო
13 მარტი
20:30 საბერძნეთი – საქართველო
14 მარტი
20:30 საქართველო – სერბეთი