საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ეგიდით და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ე.წ. მუყაოს ქალაქში სამედიცინო აქცია მიმდინარეობს
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ეგიდით და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ე.წ. მუყაოს ქალაქში სამედიცინო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ეგიდით და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ე.წ. მუყაოს ქალაქში ერთობლივი სამედიცინო აქცია მიმდინარეობს.

წითელი ჯვრის აქციის ფარგლებში, მოსახლეობას ადგილზე უტარდება გამოკვლევები და კვალიფიციური სპეციალისტები უწევენ კონსულტაციებს. მეორე დღეა ფუნქციონირებს წითელი ჯვრის სამედიცინო მობილური კაბინეტი და დღეის მდგომარეობით სამასზე მეტ ადამიანს გაუწიეს დახმარება.

„ათასამდე ბავშვი ცხოვრობს ამ დასახლებაში და მათი ჯანსაღ გარემოში აღზრდა არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება. მიხარია, რომ დღიდან „მუყაოს ქალაქის“ მშენებლობის დაანონსებისა, პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. უკვე გამოცხადდა ტენდერი და უახლოეს მომავალში გვექნება დეტალური პროექტი“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

დასახლებაში უკვე ფუნქციონირებს საინფორმაციო ცენტრი, სადაც ხორციელდება მოქალაქეთა განცხადებების მიღება და შესწავლა. ასევე, განხორციელდა წითელა-წითურას ვაქცინაცია.

ე.წ. მუყაოს ქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. გამარჯვებულმა კომპანიამ სრულყოფილი სამშენებლო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა წარმოადგინოს.