„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულის გამოსავლენად „ფეისბუქის“ მესენჯერით მიღებული ხმების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 1tv.ge-ზე, პირველი არხისა და პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფეისბუქგვერდებზე
პირველი არხის მუსიკალური შოუ „საქართველოს ვარსკვლავი“ ფინალურ ეტაპზეა. დღეს, 3 მარტს, პირველი არხის პირდაპირ ეთერში გაირკვევა, ვინ გახდება პროექტის გამარჯვებული და შესაბამისად, ვინ გაემგზავრება საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში.
„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ მაყურებელზეა დამოკიდებული – სატელეფონო ზარით, მოკლე ტექსტური შეტყობინებითა და ფეისბუქმესენჯერით მიღებული ხმებით.
პირველი არხი წარმოადგენს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ და პასუხისმგებლიან მედიას. პროექტის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სოციალური ქსელით – ფეისბუქმესენჯერით გამარჯვებულის გამოსავლენად მიღებული ხმების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება პირველი არხის ვებგვერდზე 1tv.ge და პირველი არხისა და პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ „ფეისბუქის“ გვერდებზე.
ინფორმაცია გამოქვეყნდება პერსონალური მონაცემების, კერძოდ, ფეისბუქმესენჯერის საშუალებით ხმის მიმცემთა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მითითების გარეშე.