„საქართველოს ვარსკვლავი“ იწყება - ყველაფერი, რაც მთავარი მეგაშოუს შესახებ უნდა იცოდე
„საქართველოს ვარსკვლავი“ იწყება - ყველაფერი, რაც მთავარი მეგაშოუს შესახებ უნდა იცოდე

შაბათი, 22:00 საათი – დრო, რომელიც უნდა გახსოვდეთ, რადგან პირველი არხის ეთერში „საქართველოს ვარსკვლავი“ იწყება. მუსიკალური მეგაპროექტი სტარტს ხვალ, 5 იანვარს აიღებს და რამდენიმე კვირის განმავლობაში შთამბეჭდავ შოუს შემოგთავაზებთ.

თავდაპირველად, მაყურებელს კასტინგების ხილვის შესაძლებლობა ექნება, სადაც თვალს მიადევნებს იმ კონკურსანტების შერჩევის პროცესს, რომლებიც პირდაპირ ეთერში იმღერებენ.

ქართველი მაყურებელი ევროვიზიაზე საკუთარ წარმომადგენელს მუსიკალური მეგაპროექტის მონაწილეებიდან აარჩევს. ჟიურის წევრებთან ერთად, გადამწყვეტი როლი პირველი არხის მაყურებელს აკისრია, რომელიც ხმის მიცემას მსგავსი პროექტებისთვის სრულიად ახალი, ინოვაციური მეთოდით შეძლებს.

მუსიკალური მეგაპროექტის ჟიურის ვინაობა უკვე ცნობილია. მათ შორის არიან: პირველი არხის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი ზაზა შენგელია, მუსიკოსი და მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი და გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა.

თინათინ ბერძენიშვილის თქმით, ევროვიზიისთვის კონკურსანტის შესარჩევად საზოგადოებრივი მაუწყებელი მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდს იყენებს.

თინათინ ბერძენიშვილი: „დიდი ხანია, „ევროვიზიასთან“ მიმართებით ვეძებდით ფორმას, თუ როგორ უნდა წასულიყო საქართველოდან კონკურსანტი. ძალიან ბევრი ვერსია არსებობდა, მათ შორის, მაუწყებლის მხრიდან რჩეულის დასახელება, თუმცა ვთვლით, რომ ყველაზე სწორი ფორმა არის საზოგადოების ჩართულობა. არჩეული კონკურსანტი ხალხის მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერილი. მსგავსი ფორმატი ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული. Pop Idol, The Voice და მსგავსი ტიპის მუსიკალური პროექტები ხშირად გამოიყენება ევროვიზიისთვის კონკურსანტის შესარჩევად“.

გიორგი ხაბურზანია ხმის მიცემის ინოვაციურ მეთოდზე საუბრობს, რომელიც მაყურებელს საშუალებას მისცემს, საკუთარ რჩეულს მხარი, „ფეისბუქის“, კონკრეტულად კი, მესენჯერის გამოყენებით დაუჭიროს.

გიორგი ხაბურზანია: „რეალურად, დიდი ხანია არსებობს იდეა, რომ სოციალური მედია შემოგვეყვანა ხმის მიცემის სისტემაში, მსგავსი რამ ჩვენ რეგიონში ჯერ არ მომხდარა, დიდი ბრიტანეთი და მსგავსი ქვეყნებიც კი ტესტირების ეტაპზე არიან. პირველმა არხმა გადმოდგა ეს ნაბიჯი და რეგიონში სრულიად ინოვაციურ მეთოდს ჩაუყარა საფუძველი“.

ჟიურის კიდევ ერთი წევრის, ზაზა შენგელიას თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი მეგაპროექტით განახლებული საეთერო ბადე დააგვირგვინა.

ზაზა შენგელია: „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, მით უმეტეს, ეთერის გადახალისების ფონზე. ამაზე ყველა საუბრობს და ეს ეთერსაც დაეტყო. ვფიქრობ, ეს პროექტი ერთ-ერთი კარგი გვირგვინია. ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბჭობენ, უნდა თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს მეგაპროექტი, რა თქმა უნდა, სხვა ტიპის გადაცემებთან ერთად, ასეთი პროექტების არსებობა აუცილებელია, რადგან გართობა ტელევიზიის ერთ-ერთი მთავარი დატვირთვაა“.

მუსიკალური მეგაპროექტის დაწყებამდე რამდენიმე საათი დარჩა. 5 იანვრიდან, ყოველ შაბათს, 22:00 საათზე, დაელოდე შოუს, რომელიც მაყურებლის ჩართულობით, „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმომადგენელს გამოავლენს.

თვალი ადევნეთ “საქართველოს ვარსკვლავის” ოფიციალურ ფეისბუქის გვერდს.

დატოვე კომენტარი