საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღეს თოვაა მოსალოდნელი, სინოპტიკოსები გამოდარებას 4 მარტიდან ვარაუდობენ
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღეს თოვაა მოსალოდნელი, სინოპტიკოსები გამოდარებას 4 მარტიდან ვარაუდობენ

საქართველოს უმეტეს რეგიონში დღეს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან თოვლის სახით – ამის შესახებ 1tv.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იქნება 4-9 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოში – 3-8 გრადუსი.

რაც შეეხება თბილისს, 2 მარტს, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წვიმა, ღამით – თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა იქნება 7-9 გრადუსი.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ნალექიანი ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება 3 მარტს დღის პირველ ნახევრამდე. დღის მეორე ნახევრიდან ნალექი შესუსტდება, თუმცა იქროლებს ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 4 მარტიდან საქართველოში გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. თუმცა გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ნალექის შემცირების მიუხედავად, ღამის საათებში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით შედარებით მოიმატებს და აღმოსავლეთ საქართველოში 6-11 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოში 14 გრადუსი იქნება.