საქართველოს უახლოეს პერიოდში ჰოლანდიური გემთმშენებელი კომპანიის წარმომადგენლები ეწვევიან
საქართველოს უახლოეს პერიოდში ჰოლანდიური გემთმშენებელი კომპანიის წარმომადგენლები ეწვევიან

მსხვილი ჰოლანდიური გემთმშენებელი კომპანიის – DAMEN წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან და ადგილზე შეისწავლიან გემთსაშენი საწარმოსთვის შერჩეულ ინფრასტრუქტურას, რის შემდეგაც ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატი შეირჩევა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა  და ჰოლანდიური კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე მიიღეს.

შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ ჰოლანდიური კომპანიისთვის სპეციალურად მომზადებული საინვესტიციო შეთავაზება განიხილეს, რომელიც საქართველოში გემთმშენებელი საწარმოს მშენებლობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, დიდ ყურადღებას უთმობს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტულია გემთმშენებელი წარმოებისა და საზღვაო ხომალდების სარემონტო სერვისების შექმნა.

„მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ ისეთ მსხვილ გემთმშენებელ კომპანიასთან, როგორიცაა DAMEN და ერთად ავაღორძინოთ საქართველოს გემთმშენებლობა, რისი დიდი ტრადიციაც გაგვაჩნია,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მისი შეფასებით, საქართველოში ასეთი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის შემოსვლა საქართველოში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საზღვაო პოტენციალის გაძლიერებასა და ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბად გარდაქმნის პროცესს.

გემთმშენებელ კომპანიასთან პირველი შეხვედრა 2019 წლის იანვარში დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა.

Damen მსოფლიოში წამყვანი გემთმშენებელი კომპანიაა, რომელიც 1927 წლიდან ოპერირებს. კომპანია 33 გემთსაშენს მართავს მსოფლიოს 16 ქვეყანაში.