საქართველოს უახლოეს დღეებში ჯეიმს აპატურაი ეწვევა
საქართველოს უახლოეს დღეებში ჯეიმს აპატურაი ეწვევა

უახლოეს დღეებში საქართველოს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ამასთან, მინისტრმა ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალსა და ეუთო-ში ვიზიტი შეაჯამა. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქვეყანას ძალიან ხელშესახები შედეგები აქვს.

„ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალზე და ეუთო-ში შეხვედრები ძალიან პროდუქტიული იყო. ჩვენ გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგები. ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთან მიმართებაში მივიღეთ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, ისე ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომელიც ხაზს უსვამს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, წევრობისთვის.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია განცხადება, რომ ალიანსი აგრძელებს საქართველოს მომზადებას გაწევრიანებისთვის. ეს მიუთითებს, რომ საქართველო საკმაოდ დაწინაურებულია ინტეგრაციულ პროცესებთან მიმართებაში.

უახლოეს დღეებში ველოდებით საქართველოში ნატო-ს გენმდივნის თანაშემწეს ჯეიმს აპატურაის ვიზიტს, რომელიც იქნება ერთგვარი გაგრძელება მინისტერიალის ფარგლებში განხილულ საკითხებზე მსჯელობის. ბუნებრივია, მომავალ წელსაც ნატო-სთან თანამშრომლობა იქნება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, სერიოზული და უპრეცენდენტო მხარდაჭერა ჰქონდა საქართველოს ეუთო-ს მინისტერიალზე.

„30-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ გამოსვლაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციას. ასევე ჩვენ მივიღეთ საქართველოს მეგობარი ქვეყნები, ჯგუფის განცხადება და უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ეუთო-ს დოკუმენტებში გაჩნდა მინიშნება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და გამოხატულია კატეგორიული მიუღებლობა საშინელი მკვლელობის და მოწოდება, რომ დროულად იყოს გამოძიებული და დამნაშავე პირები დასჯილნი.

განცხადებაში არის ასევე მოწოდება რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. რუსეთის ფედერაცია მუდმივად ბლოკავს 2005 წლიდან მოყოლებული გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ეუთო-ს ფორმატში, რადგანაც იქ არის გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსის პრინციპი, მაგრამ ბოლო სამი წელია ვახერხებთ სხვადსხვა ფორმატები გამოვძებნოთ იმისთვის, რომ ეუთო-ს ეს მნიშვნელოვანი მაღალი დონის შეკრება არ დარჩეს საქართველოს საკითხის განხილვის გარეშე და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.