საქართველოს ტყეებში, რამდენიმე ადგილზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საქართველოს ტყეებში, რამდენიმე ადგილზე ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ტყეებში, რამდენიმე ადგილზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

„მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი ლიკვიდირებულია სამეგრელოში – ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, ასევე სოფელ ლიაში, რაჭაში – ხვანჭკარაში, შიდა ქართლში – გოსტიბეში, სამცხე-ჯავახეთში – ლიკანში, აჭარაში – ქობულეთში, იმერეთში – ჭალოვანში.

ღია კერები აღარაა და ნახანძრალის დამუშავება მიმდინარეობს გურიაში – ვაკიჯვარში, რაჭაში – კრიხში;

ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარაა კახეთში – სოფელ გომბორთან, ქვემო-ქართლში – თეთრიწყაროში, გურიაში – გომსა და მამათში.

აქტიური კერებია იმერეთში – ხონსა და ტყიბულში, სამეგრელოში – ეწერში.

მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ტყის ხანძრებზე მობილიზებულია 1 500 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო სპეცტექნიკა. სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა, რომლებიც გურიასა და რაჭაში მუშაობს, ჯამში 200-ამდე გაფრენა განახორციელა.

ხანძრის ქრობის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება მათ სრულ ლიკვიდაციამდე“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.