საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის შესახებ ისრაელში პრეზენტაცია გამართა
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის შესახებ ისრაელში პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელში პრეზენტაცია გამართა. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ისრაელის უმსხვილეს ავიაკომპანიებსა და ტუროპერატორებს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პერსპექტივები გააცნო. პრეზენტაციას ისრაელის ბიზნესსექტორისა და ადგილობრივი მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

„საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მთავარი მიზანია საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ბიზნესაქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ უფრო მეტი ბიზნესმოგზაური ისრაელიდან საქართველოში, ისინი, როგორც იცით, საკმაოდ მაღალმხარჯველი ვიზიტორები არიან“,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსმა, ლევან ჯაფარიძემ.

პრეზენტაციის ფარგლებში საქართველოსა და ისრაელის კერძო სექტორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ.

„ტურიზმის ადმინისტრაციამ ძალიან საინტერესო პრეზენტაცია გამართა ისრაელელი ტურისტული კომპანიებისთვის, ინტერესი მაღალია. ამ პრეზენტაციის ფარგლებში ტურისტებს შევთავაზეთ სეზონური დასვენება. მაგალითად, ზამთრის ტურიზმი, კულტურული ტურიზმი, ფესტივალები, რომლებიც საქართველოში ტარდება და ჯერ კიდევ ისრაელელი ტურისტებისთვის ცნობილი არ არის“, – აცხადებს ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია.

ღონისძიების ფარგლებში, პრეზენტაცია მოაწყო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემაც. პრეზენტაციის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიების წარმომადგენლები ისრაელელ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საქმიანი ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და მსხვილი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები განიხილეს.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ეგიდით, საქმიანი ტურიზმის შეხვედრები გაიმართა ისრაელისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის. ეს სტიმულია მეტი ტურისტის მოსაზიდად, ასევე ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას“, – განაცხადა სასტუმრო „მერკური თბილისისა“ და IBIS Styles-ის წარმომადგენელმა, მაკა ცხომელიძემ.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.