საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, გამოცემა Forbes America სტატიას მოამზადებს
საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, გამოცემა Forbes America სტატიას მოამზადებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მაღალრეიტინგული გამოცემა Forbes-ის წარმომადგენელისათვის პრესტური გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, Forbes-ის ჟურნალისტმა რანა ბელინდა გუდმა ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისი, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, მესტია, უშგული, ონი, ამბროლაური, ნიკორწმინდა და შაორი მოინახულა.

„საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი რაჭაში საოჯახო მარნებს ესტუმრა და ადგილობრივი ღვინო დააგემოვნა. 8-დღიანი ტურის შემდეგ, რანა ბელინდა გუდი Forbes-ისთვის საქართველოს შესახებ სტატიას მოამზადებს, სადაც საქართველოს ტურისტული მიმართულებების, ტურისტული პროდუქტების, ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის მილიონობით მკითხველს გააცნობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველოში მშვენიერი დრო გავატარე, ძალიან მომეწონა. მე საქართველოს ბევრ განსხვავებულ კუთხეში ვიმოგზაურე, ვიყავი მთებში, ვნახე მდინარეები, დავათვალიერე თბილისი, თუმცა კიდევ ბევრი დამრჩა საქართველოში სანახავი. შემდეგ ჩამოსვლაზე მინდა დავათვალიერო ბორჯომი, ბათუმი და ყაზბეგი“, – განაცხადა Forbes-ის ჟურნალისტმა რანა ბელინდა გუდიმ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის აღდგენა დაიწყოს ჯანსაღი და სწრაფი ტემპით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ აღდგენის ტემპი და რა თქმა უნდა, ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ, რათა მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ საქართველო ღიაა ტურისტებისთვის და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ამიტომ Forbes-ის მოწვევა ასეთ მოკლე პერიოდში ხელს შეუწყობს ცნობადობის გაზრდას და კიდევ უფრო პოზიციონირებას. ჩვენ სწორად შევარჩიეთ ის მიმართულებები, სადაც ჟურნალისტი ჩავიდა და ესტუმრა, მათ შორის, როგორიცაა იმერეთი, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, რაჭა, სვანეთი, იმისთვის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ ამ რეგიონების ცნობადობა, ვნახოთ უფრო მეტი საერთაშორისო და შიდა ტურისტი ამ რეგიონებში, რათა მდგრადად განვითარდეს და გაძლიერდეს მცირე და საშუალო ბიზნესი სრულიად საქართველოში და ჩვენთვის მნიშვნელოვან სამიზნე რეგიონებში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.