საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მადრიდის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მადრიდის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში – FITUR-2025 მონაწილეობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოფენას ესწრება ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მაია ომიაძემ გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები იყვნენ წარდგენილი. FITUR-2025-ზე საქართველოს სტენდი გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ხუთი დღის განმავლობაში, გამოფენაზე,  საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება აქვთ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო.

„ქართულმა სამზარეულომ გამოფენის ვიზიტორებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. სტუმრებს მადრიდში მდებარე მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი, ქართული რესტორანი „ნუნუკა“ გაუმასპინძლდა. გამოფენას დაესწრო ესპანეთში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი. გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Tripadvisor-ის ღონისძიებაში მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან, საქართველოში მარკეტინგული კამპანიების გამართვისა და თანამშრომლობის მიზნით“, – ნათქვამია ტურიზმის ნეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კომპანიებს შორისაა: British Airways-ი, Expedia, Thinkstrawberies-ი, Epic Road Rides-ი, Paramaunt-ი,  Edreams odiego და ესპანეთის მარკეტინგული კომპანია Comunica por Cuatro.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მადრიდში წარმოდგენილია საკუთარი სტენდით, საკმაოდ მსხვილ საერთაშორისო გამოფენაზე, კერძო კომპანიებთან ერთად. საქართველო FITUR Madrid-ის გამოფენაში ყოველწლიურად მონაწილეობს. გამოფენის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს მაღალი რანგის შეხვედრები გავლენიან მედიასაშუალებებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან. შეხვედრებს მართავენ კერძო სექტორის წარმომადგენლები ბიზნესპარტნიორებთან, რომ საქართველოში ევროპიდან ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ“, – აცხადებს მაია ომიაძე.

ალექსანდრე ჭკუასელის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობს FITUR Madrid-ის გამოფენაში.

„ტურიზმი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და საუკეთესოდ პოზიციონირებს მსოფლიოს მასშტაბით. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს მეტი კონტაქტების დამყარებას და ტურისტების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში“, – აცხადებს ალექსანდრე ჭკუასელი.

FITUR-2025-ზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და კერძო სექტორის ათამდე კომპანიაა წარდგენილი.

„FITUR-ზე ყოველთვის დიდი იყო დაინტერესება აჭარის ტურისტული პოტენციალით, წელსაც შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა, გამოფენის ვიზიტორებს აქტიურად ვაცნობთ როგორც მთის, ასევე ზღვის მიმართულებას. აჭარაში გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობა ევროპიდან, მათ შორის ესპანეთიდან, შესაბამისად ამ გამოფენის შემდეგ ველოდებით ტურისტთა მატებას“, – აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ კოპლატაძე.

ამასთან, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წარმომადგენელის განცხადებით, იმერეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ამ გამოფენაში მონაწილეობა, ვინაიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს ორი პირდაპირი ფრენა ესპანეთში – მადრიდსა და ბარსელონაში.

„სტატისტიკურადაც, მომართვიანობა გაორმაგებულია ესპანელების მხრიდან, შესაბამისად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია იმერეთის წარდგენა და ამ გამოფენაში მონაწილეობა“, – ამბობს მამუკა ქარქაშაძე.

ტურისტული კომპანიის, „ომნეს ტურის“ წარმომადგენელის განცხადებით, ევროპიდან დაინტერესება ძალიან დიდია.

„თითქმის ყოველ წელს ვმონაწილეობთ ამ  გამოფენაში. გამოფენის ვიზიტორი, ვინც ჩვენთან მოდის, უკვე ნამყოფია საქართველოში და ხელმეორედ უნდა მოგზაურობა ჩვენს ქვეყანაში, რაც ორმაგად სასიხარულოა. იმედი გვაქვს, ბევრი ტურისტი ჩამოვა ესპანეთიდან და არამარტო ესპანეთიდან. ევროპიდან დაინტერესება ძალიან დიდია“, – განაცხადა სოფო ზურიაშვილმა.

„ჯორჯიან დისქავერი ტურსის“ წარმომადგენლის, თინათინ სეთურიძის შეფასებით, ეს გამოფენა უმნიშვნელოვანესია ტურიზმის სფეროში და ინტერესი ყოველწლიურად იზრდება.

„გვაქვს ბევრი შეხვედრა პარტნიორებთან და წელსაც ბევრ ვიზიტორს ველოდებით საქართველოში“, – ამბობს თინათინ სეთურიძე.

„კავკაზუს თრეველის“ წარმომადგენლის, ეკა ბერძენიშვილის განმარტებით, მსგავსი საერთაშორისო გამოფენები მნიშვნელოვანია ქვეყნის უკეთ წარმოსაჩენად.

„მოლოდინები დიდია, ესპანურენოვანი ტურისტული ბაზრიდან დიდი ინტერესია საქართველოსადმი. იმედია, 2025 წელი ისეთივე პროდუქტიული იქნება, როგორც წინა წლები“, – აცხადებს ეკა ბერძენიშვილი.

FITUR-2025-ში 152 ქვეყანა, ათი ათასამდე კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. მადრიდის ტურისტულ გამოფენას 153 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.