საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები გაეცნობიან
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები გაეცნობიან

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები გაეცნობიან, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრების ვიზიტი საქართველოში ზაფხულის დასაწყისში იგეგმება.

„ივნისში საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის მინისტრების ვიზიტი გაიმართება. ჩვენ ადგილზე გავაცნობთ ათეულობით მინისტრს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს”, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ტურისტული იმიჯის ამაღლების მიზნით, საქართველოს მთავრობასთან ერთად, რეგიონებში ღონისძიებები იგეგმება.

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ამის შესახებ ბერლინში ისაუბრა, სადაც საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან დაგეგმილი პროექტებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

„პროდუქტიული და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან. მნიშვნელოვანია მის მიერ გამოხატული მხარდაჭერა საქართველოში ტურიზმის განვითარების კუთხით”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, შეხვედრაზე საგანმანათლებლო სფეროსთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები განიხილეს.