საქართველოს ტერიტორიაზე პირადი ბარგით ალკოჰოლიანი სასმელის შემოტანის წესი იცვლება
საქართველოს ტერიტორიაზე პირადი ბარგით ალკოჰოლიანი სასმელის შემოტანის წესი იცვლება

მგზავრთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას პირადი ბარგით შემოტანილი აქციზური საქონელის დამატებული ღირებულების გადასახადის, იმპორტის გადასახადისა და აქციზისგან გათავისუფლების რაოდენობრივი ლიმიტები იცვლება.

შესაბამისი ცვლილებები  „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

მთავრობა განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილებები ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში მომზადდა.
„ქართული კანონმდებლობა თამბაქოსთან მიმართებაში უკვე შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივასთან, თუმცა ზოგიერთ საქონელზე დაწესებული რაოდენობრივი ლიმიტები ევროკავშირში დადგენილ ლიმიტებთან შესაბამისი არ არის. აღსანიშნავია, რომ მგზავრის მიერ საქონლის იმპორტი პირადი მოხმარების მიზნით უნდა ხორციელდებოდეს და სამეწარმეო ხასიათი არ უნდა ჰქონდეს”, – აღნიშნავს მთავრობა.

დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, საქართველოში დაშვებულია ოთხი ლიტრი ნებისმიერი სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის შემოტანა, რაც პროექტით იცვლება. 

კერძოდ, ინიციატივის მიხედვით, საქართველოში დასაშვები იქნება შემოტანა – ერთ ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის, ალკოჰოლის შემცველობით 22%-ის და მეტის, ან არადენატურირებული ეთილის სპირტის ალკოჰოლის შემცველობით 80%-ის და მეტის. 

ასევე ცვლილებებით, შესაძლებელი იქნება 2 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის შემოტანა, რომლის ალკოჰოლის შემცველობა 22% -ზე ნაკლებია. ამასთან, პროექტით, დაშვებული იქნება 4 ლიტრი ფერმენტირებული ღვინოსა და 16 ლიტრი ლუდის შემოტანა.