საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რამშტაინის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რამშტაინის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ირაკლი ჩიქოვანი რამშტაინის რიგით 25-ე შეხვედრაში მონაწილეობდა.

რამშტაინის ფორმატის შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

უკრაინის საკითხზე რამშტაინის ფორმატის შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გახსნა. რამშტაინის ფორმატის 25-ე შეხვედრაზე ლოიდ ოსტინთან ერთად სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მათ უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის გადაუდებელ და გრძელვადიან საჭიროებებზე იმსჯელეს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინისთვის შემდგომი დახმარების პაკეტზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული ფორმატის შეხვედრაში ბოლოჯერ მონაწილეობს.

რამშტაინის ფორმატი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.