საქართველოს თავდაცვის ძალებს ლეიტენანტთა ახალი ნაკადი შეემატა

15:46, 20.08.2026

დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალგაზრდა ოფიცრების ახალი ნაკადი შეემატა. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ბაკალავრიატის 74-მა იუნკერმა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის 28 კურსდამთავრებულმა დაასრულა. საზეიმო ღონისძიება გორში, აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

ბაკალავრიატის მე-12 გამოშვების იუნკრებსა და საკანდიდატო კურსის 21-ე გამოშვების კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ოფიცრის წოდება მოითხოვს თანმიმდევრულ შრომას, სიმტკიცესა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულებას.

„თქვენ იქნებით სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი და საკუთარი პროფესიონალიზმით, ქცევითა და ლიდერობით კიდევ უფრო ღირსეულად წარმოაჩენთ საქართველოს თავდაცვის ძალებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა თავდაცვის ძალებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეროვნული თავდაცვის აკადემია არის ადგილი, სადაც ყალიბდება ქართული ჯარის მომავალი და ერთმანეთს ერწყმის ღირსეული სამხედრო ტრადიციები და თანამედროვე მიდგომები, გამოცდილება და ტექნოლოგიები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ძლიერი საგანმანათლებლო ინსტიტუტები უწყების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, თავდაცვის ძალებში განათლების შესაძლებლობების გაფართოება, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.

იუნკრებს აკადემიის დასრულება ასევე მიულოცეს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ.

ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს – დიპლომები, ხოლო წარჩინებულ იუნკრებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ; სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის აკადემიის პირადი შემადგენლობა უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაკალავრიატის კურსდამთავრებულ იუნკრებს, ლეიტენანტის სამხედრო წოდებასთან ერთად, შესაბამის სპეციალობაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხიც მიენიჭათ. საკანდიდატო კურსის მსმენელებმა, რომლებიც კურსზე ჩაბარებამდე უკვე ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლება მიიღეს. კურსდამთავრებული ლეიტენანტები ოფიცრის ძირითად კურსებს სხვადასხვა სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით გაივლიან, რომელთა დასრულების შემდეგაც საქართველოს თავდაცვის ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობებზე განაწილდებიან.

კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაარსებიდან 107-ე წლისთავზე აღინიშნა. ღონისძიებას გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

მსგავსი