საქართველოს თავდაცვის ძალებს 39 სამხედრო მოსამსახურე შეემატა [ვიდეო]

საქართველოს თავდაცვის ძალებს 39 სამხედრო მოსამსახურე შეემატა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ​წვევამდელებმა სამხედრო ფიცი უჯარმის ციხეზე დადეს. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში ერთი წლის განმავლობაში იმსახურებენ.

წვევამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადება (BCT) ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე განახლებული პროგრამით გაიარეს. სამხედროების მომზადება იმ კურსს შეესაბამებოდა, რომლითაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. გაწვევის ახალი სისტემის მიხედვით, სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეების სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.

საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.