საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის ახალ მოადგილეს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის ახალ მოადგილეს უმასპინძლა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის ახალდანიშნული მოადგილე იმყოფება. გენერალ-მაიორ მაიკლ ვიკმანს დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ გენერალს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობას შორის მჭიდრო, ნაყოფიერი თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება.

„საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ მაიკლ ვიკმანსა და დელეგაციის წევრებს წლების განმავლობაში ქართული მხარისთვის გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა.

ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი მრავალეროვნული სწავლებების ჩატარების მიმართულებით აშშ-ის არმიის დახმარება და ჩართულობა, ასევე საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის განსაკუთრებული პარტნიორობა. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოში გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილე საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ესტუმრება და მათი მუშაობის პროცესს გაეცნობა.