საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილება გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა გადაიბარა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილება გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა გადაიბარა

მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართა.

თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილება გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასგან გადაიბარა, რომელიც თავდაცვის ძალებს 2018 წლიდან მეთაურობდა.

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გამოჩენილი ნდობისთვის და თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

„მსურს გულითადი მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით კი თავდაცვის მინისტრს, მისი დაუღალავი შრომისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც ყოველდღიურად ავითარებს და აუმჯობესებს როგორც თითოეული სამხედრო მოსამსახურის, ისე თავდაცვის ძალების მთლიან მდგომარეობას. მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მკვეთრად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეების აღჭურვილობისა და ეკიპირების ხარისხი, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა შეიარაღებისა და სატრანსპორტო საშუალებების, როგორც ხარისხობრივ, ისე რიცხობრივ ზრდაზე. დღის წინაშე დადგა ასევე, ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის აღორძინება. ყოველივე ზემოთ აღნიშნული პირდაპირ აისახება თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერების პროცესზე, რომელშიც ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების პროცესის ნატო-ს სტანდარტის შესაბამისად გარდაქმნა, რათა შესაძლებელი გახდეს საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებში ასევე მიმდინარეობს რეზერვისა და სანავიგაციო სისტემის განვითარების პროცესი. აღნიშნულის დადასტურებაა ეროვნულ გვარდიაში აქტიური რეზერვის ქვედანაყოფების ჩამოყალიბების წარმატებული პროცესი, რომელმაც უკვე მოიცვა აჭარის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონები. ჩვენი მიზანია აქტიური რეზერვის ქვედანაყოფები წარმოდგენილ იქნას საქართველოს ყველა რეგიონში“, – განაცხადა მათიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალები არის გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციების განუყოფელი მონაწილე, როგორც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ისე აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე ნატო-სა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში.

„ჩვენ ყველანი ვამაყობთ, რომ ქართველ ჯარისკაცს დამსახურებულად უკავია თავისი ადგილი პარტნიორების გვერდით, როგორც სამხედრო ოპერაციებში, ასევე საერთაშორისო სწავლებებში. აღნიშნულისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჯარისკაცს. ამაში უდავოდ დიდია ჩვენი მეგობრების დახმარება და მინდა, გამოვყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების როლი. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ჯიდიარბის საქართველოს თავდაცვის სამხედრო პროგრამას, რომელიც მნიშვნელოვნად აისახება თავდაცვის ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ამავდროულად, საქართველოს თავდაცვის ძალების აქტიური თანამშრომლობა ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან, რომელიც განსაკუთრებით ზრდის ნატო-ს სტანდარტთან თავდაცვის ძალების თავსებადობას. თავდაცვის ძალებმა უნდა შეძლოს ქვეყნის წინაშე არსებულ შესაძლო საფრთხეებსა და გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბრძოლო მომზადების პროცესის გაუმჯობესებას. ამოცანაზე ორიენტირებული სწავლებებისა და შეფასების ეფექტურ პროცესს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში. ჩვენ სამხედრო ვეტერანებს, რომელთა თავდადება და სამშობლოს სიყვარული სამაგალითოა ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისათვის. მარად გვემახსოვრება ყველა იმ ადამიანის სახელი, ვინც დაიღუპა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლასა და სამშვიდობო ოპერაციების შესრულების დროს. ქედს ვიხრით მათი ოჯახების წინაშე და სამშობლოს ერთგული პატრიოტების აღზრდისთვის. ძალიან საამაყოა, რომ ჩვენს რიგებში არიან საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები. მიუხედავად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ისინი კვლავ მტკიცედ დგანან სამშობლოს სადარაჯოზე. ვსარგებლობ შემთხვევით და უდიდეს მადლობას ვუხდი გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, რომელიც შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პირველივე დღიდან ჩადგა სამშობლოს სამსახურში და ღირსეულად განვლო რთული გზა რიგითი ჯარისკაციდან თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობამდე. აღსანიშნავია მისი როლი თანამედროვე თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ვუსურვებ მას დ მის ოჯახს ჯანმრთელობას, წარმატებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. გვფარავდეს ღმერთი“, – განაცხადა გიორგი მათიაშვილმა.