საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრას დაესწრება
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრას დაესწრება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ნატო-ს შტაბ-ბინა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის შეხვედრებს მასპინძლობს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დღეს ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრას დაესწრება და ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრაზე განიხილავს.

ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს უცხოელ კოლეგებთან. სხდომის დაწყებამდე თავდაცვის ძალების მეთაური უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ზალუჟნის და სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ დანიელ ზმეკოს შეხვდა.

„საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უკრაინელ და სლოვაკ კოლეგებს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან საუბრის მთავარ თემას შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მზარდი როლი წარმოადგენდა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების ოკუპაცია დაგმო და ყურადღება გაამახვილა ვითარების მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლისა და ნორმების პრინციპების დაცვით მოგვარების მნიშვნელობაზე.

ქართველმა და უკრაინელმა კოლეგებმა ერთმანეთს ინფორმაცია ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებში მიმდინარე რეფორმებსა და ნატო-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესზეც გაუზიარეს. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის განცხადებით, კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევებისა და რუსეთიდან მომავალი მზარდი საფრთხეების ფონზე, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება ქართული მხარისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის შესახებ მან სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრაზე ისაუბრა და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა სლოვაკეთის მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში, ასევე, ორმხრივ თუ ნატოსა და ევროკავშირის ფორმატებში სლოვაკეთის მიერ გაწეული დახმარება გაიხსენა“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის შეხვედრები ბელგიაში, ბრიუსელში 12-13 იანვარს იმართება, სადაც უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლები ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ.

დატოვე კომენტარი