საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-ს შტაბ-ბინაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო.

შეხვედრა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა სტიუარტ პიჩმა გახსნა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა, არსებული უსაფრთხოების გარემო და მისიის გაგრძელებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები განიხილეს.

ნატო-ს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე 185-ე შეხვედრების სესიას მასპინძლობს. ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უკვე გამართა შეხვედრები მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში (SHAPE), ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან და უცხოელ კოლეგებთან.