საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გერმანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გერმანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორს, გენერალ ებერჰარდ ცორნს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველ და გერმანელ კოლეგებს შორის შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ ყურადღება ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დასრულებასა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ჯარების გამოყვანის პროცესზე გაამახვილეს და ამ კუთხით ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ლარს უკერვიცი.

დატოვე კომენტარი