საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი სამუშაო ვიზიტით ავღანეთში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი სამუშაო ვიზიტით ავღანეთში იმყოფებოდა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მიერ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მიმდინარეობისა და შესრულებული ამოცანების ადგილზე გაცნობის მიზნით სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ სარდალს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და ქვედანაყოფის ყოველდღიური საქმიანობის, ასევე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე მე-13 ბატალიონის პირად შემადგენლობასაც გაესაუბრა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე აღმოსავლეთის სარდლის რანგში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში პირველად იმყოფებოდა. აღმოსავლეთის სარდლად დანიშვნამდე I ქვეითი ბრიგადა უშუალოდ მის დაქვემდებარებაში იყო. I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ავღანეთში ივლისში გაემგზავრა და აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვაზეა პასუხისმგებელი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.