საქართველოს თასი ფეხბურთში - პენტატრიკი, გაძევებები და სენსაცია
საქართველოს თასი ფეხბურთში - პენტატრიკი, გაძევებები და სენსაცია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალის ექვსი შეხვედრა გაიმართა. ამ ეტაპიდან გათამაშებაში ეროვნული ლიგის გუნდებიც მონაწილეობენ.

1/16 ფინალი
გურია – კოლხეთი 1:0
მარკ სტარსი – მერანი 2:4
ქოჯაელი – დილა 0:8
მეშახტე – სამტრედია 2:3
სამგურალი – რუსთავი 2:2 (პენალტების სერია 5:6)
მეტა – თბილისი სითი 0:0 (პენალტების სერია 3:2)

პირველი სენსაცია უკვე დაფიქსირდა: რანგით მესამე ლიგის ლანჩხუთის „გურიამ“ ეროვნული ლიგის წარმომადგენელი ფოთის „კოლხეთი 1913“ 1:0 დაამარცხა – ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე თენგიზ ჩიკვილაძემ პენალტით გაიტანა. კონფლიქტისთვის მთავარმა არბიტრმა 59-ე წუთზე მეტოქეთა მოთამაშეები, ბექა მახარაძე და გიორგი გურეშიძე მოედნიდან გააძევა.

მცხეთის “ქოჯაელმა” გორის “დილას” უმასპინძლა და 0:8 დამარცხდა. გიორგი ფანცულაიამ პენტატრიკი (5 გოლი) შეასრულა, დანარჩენი სამი გურამ სამუშიას, ალვინ ფორტესისა და მიკოლა კოვტალიუკის ანგარიშზეა.

“სამტრედია” ტყიბულში “მეშახტეს” დაუპირისპირდა და მარტის შემდეგ პირველად მოიგო 3:2. გოლები ივან ფატიჩის, დათო კირკიტაძისა და ანტე გიის ანგარიშზეა.

ყველაზე დაძაბული მარტვილში გამართული შეხვედრა გამოდგა, სადაც ლიგა 2-ის „სამგურალმა“ ეროვნული ლიგის „რუსთავს“ უმასპინძლა: ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. სტუმრები მსაჯის მიერ დამატებულ დრომდე 2:1-ს იგებდნენ. ანგარიში რუსთაველმა მათე ცინცაძემ გახსნა. ზურაბ ფანცხავამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო ბექა ქავთარაძემ 32-ე წუთზე სტუმრები ისევ დააწინაურა 1:1. 90+2-ე წუთზე „სამგურალის“ თავდამსხმელმა მამუკა ღონღაძემ წონასწორობა ისევ აღადგინა. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც რუსთაველებმა უკეთ შეასრულეს 5:6.

ხვალ და ზეგ 1/16-ფინალის დანარჩენი მატჩები გაიმართება:

ოთხშაბათი, 13 ივნისი
გაგრა – სიონი
გორი – ტორპედო
თბილისი 2016 – ჩიხურა
ვიტ ჯორჯია 2 – საბურთალო
ლოკომოტივი – თბილისის დინამო

ხუთშაბათი, 14 ივნისი
ცხინვალის ლიახვი – ალგეთი
მარგვეთი 2006 – თელავი
ვიტ ჯორჯია – ბათუმის დინამო
გარდაბანი – იმერეთი
შუქურა – ნორჩი დინამო