საქართველოს ტაილანდის ოფიციალური დელეგაცია ეწვევა
საქართველოს ტაილანდის ოფიციალური დელეგაცია ეწვევა

31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით საქართველოს ტაილანდის სამეფოს ოფიციალური დელეგაცია ეწვევა, რომელსაც ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორი სასივატ ვონგსინსავატი უხელმძღვანელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების სამინისტროს, ასევე ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი, რომლის დროს მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ტაილანდი სავიზო რეჟიმს ამარტივებს. 15-დღიანი ტურისტული ვიზის აღება საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის საზღვარზე შეეძლებათ.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2019 წლის 14 მარტიდან ორივე ქვეყნის დიპლომატიური და ოფიციალური, ასევე სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს აღარ ესაჭიროებათ წინასწარი ვიზის აღება. საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის აღნიშნულთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის 26 სექტემბერს.