საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართა
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, დღეს საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიება გახსნეს პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და ავსტრიის კონსულმა სავაჭრო საკითხებში თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში გეორგ კარაბაჯეკმა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, ასეთ ფორუმებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოსა და ავსტრიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებაში და იმედი გამოთქვა, რომ მონაწილე კომპანიები ერთმანეთთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივებს დასახავენ.

„მოხარულები ვართ, რომ ავსტრიული კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება მაღალია. ფორუმზე წარმოდგენილი არიან კომპანიები ისეთი მნიშვნელოვანი სფეროებიდან, როგორიცაა ენერგეტიკა, მანქანათმშენებლობა, ლოგისტიკა, ტექსტილი, სამთო ტურიზმი და სხვა. დღეისათვის, საქართველოსა და ავსტრიას შორის პარტნიორობა აქტიურად ვითარდება, რასაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ურთიერთობების სტატისტიკაც ადასტურებს. მაგალითისთვის, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა 79%-ით არის გაზრდილი და მან 123 მილიონ დოლარს მიაღწია“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ავსტრიულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელმა, ასევე პრეზენტაციები წარმოადგინეს ფორუმის მონაწილე ქართულმა და ავსტრიულმა კომპანიებმა.

დღევანდელ ბიზნესფორუმს 13 ავსტრიული და 70-მდე ქართული კომპანია ესწრებოდა, ამასთან, გაიმართა ორმხრივი შეხვედრებიც.