საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა საბერძნეთში, ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მიიღო მონაწილეობა

13:23, 31.07.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა მეხუთედ მიიღო მონაწილეობა ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian), რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკაში გაიმართა.

„ოპერაციის ფარგლებში საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფის 12 წარმომადგენელი საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ფრეგატზე – HS NIKIFOROS FOKAS-ზე (F 466) იყო განთავსებული. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბერძნეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სწავლებებში – ახლო საბრძოლო მოქმედებები (CQB), პრაქტიკული საცეცხლე-ტაქტიკური მომზადება, ასევე ფრეგატის ეკიპაჟთან ერთად ჩატარდა ძებნა-გადარჩენისა და ევაკუაციის ოპერაციები.

ნატო-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian) წარმოადგენს ალიანსის ეგიდით მოქმედ, დღეისთვის ერთადერთ მუდმივ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციას. მისი მთავარი ამოცანებია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საზღვაო სივრცეში, ზღვაზე თავისუფალი და უსაფრთხო მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება, ასევე საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ამასთანავე, აღნიშნული ოპერაცია უზრუნველყოფს ინფორმაციის შეგროვებასა და გაზიარებას, აგრეთვე თანამშრომლობას მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან“, – აღნიშნულია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციაში.

მსგავსი