საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში გასამართლებული ინგა თუთისანი თავისუფალია
საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში გასამართლებული ინგა თუთისანი თავისუფალია

სოჭის მკვიდრი ინგა თუთისანი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში გაასამართლეს, თავისუფალია.

როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პირველ არხს განუცხადა, თუთისანის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია შეიტყო, თუმცა მისთვის უცნობია, რა იყო თუთისანის გათავისუფლების საბაბი.

პირველი არხი დაინტერესდა, ფიგურირებდა თუ არა თუთისანისა და ანალოგიური ბრალდებით დაკავებული სამი ქალბატონის საქმე, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების დროს.

„საქართველოს რვა მოქალაქის გათავისუფლების შემდეგ, ბოლო შეხვედრებზე ჩვენ ვსაუბრობდით იმ პირებზეც, რომლებიც სასჯელს იხდიან საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.

რუსეთის რამდენიმე მოქალაქე დარჩა ამ ბრალდებით და მათ შორის ფიგურირებდა თუთისანიც. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მედიიდან შევიტყვეთ ამ პირის პატიმრობის შესახებ. შეხვედრებზე ფიგურირებდა მისი გვარი. ზოგადად გეტყვით, ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით ასე ვაყენებთ საკითხს – ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რუსეთმა გაითვალისწინოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გაათავისუფლოს 2008 წლის ომის დროს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები.

ვერ გეტყვით, რამ იმოქმედა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა იყო მთავარი საბაბი ამ ქალბატონის გათავისუფლებისა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ შევიტყვეთ და მოხარულები ვართ“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.

ინფორმაცია ინგა თუთისანის გათავისუფლების შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, თუთისანი, რომელსაც თავდაპირველად საქართველოს სასარგებლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისთვის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მოგვიანებით კი სასჯელი 4 წლამდე შეუმცირეს, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.