საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქის ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებას არ დაესწრება
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქის ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებას არ დაესწრება

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილე მესამის ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებას არ დაესწრება. ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც ჯაღმაიძე წერს, წერილი იერუსალიმის პატრიარქს 7 თებერვალს გაეგზავნა.

საქართველოს საპატრიარქოს წერილში წერია:

„მის უნეტარესობას, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილე მესამეს.

თქვენო უნეტარესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და გაცნობებთ, რომ მივიღეთ თქვენ მიერ გამოგზავნილი ორი წერილი ეკლესიათა შორის არსებულ პრობლემებზე მსჯელობისთვის იორდანიაში, ქ. ამანში, პირველიერარქთა და მათი წარმომადგენლების მიწვევის შესახებ.

კარგად გვესმის, რომ თქვენი მცდელობა განპირობებულია ეკლესიის ერთობისთვის ზრუნვით და ჭრილობების მოშუშების სურვილით. თქვენი წერილებიდან ჩანს ისიც, რომ ძალისხმევა არ დაგიკლიათ, რათა მსოფლიო პატრიარქს მიეღო მონაწილეობა შეხვედრაში, მაგრამ, ვინაიდან მან და ზოგიერთმა ეკლესიის მეთაურმაც არ ისურვეს ეს, იმ მიზანს რაც თქვენ გაქვთ, და რაც ყველა ჩვენგანის სურვილიცაა, შესაძლოა, დაბრკოლებები შეგვექმნას.

ჩვენ ვიზიარებთ თქვენს პოზიციას და ვითარების სერიოზულობიდან გამომდინარე, პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მივიჩნევთ, რომ აუცილებელია შეხვედრა და საერთო მსჯელობა, მაგრამ ეს ყველა ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს, თუ გვსურს, შედეგი მივიღოთ; ხოლო თუ ერთობა ვერ შედგება, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ჩამოსვლისგან.

აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენ სიამოვნებით ვესწრებოდით და კვლავაც დავესწრებით რომელიმე რელიგიური დღესასწაულის ან საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში გამართულ ღონისძიებას.

ვიმედოვნებთ, ღვთის წყალობით, მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთა სინაქსისი განხორციელდება და ეკლესიური კანონიკური ნორმების დაცვით შეფასდება ის თემები, რაც აზიანებს ჩვენ ურთიერთობებს. ამასთან, რაც მალე მოხდება ეს, უმჯობესია ყველასთვის.

ვლოცულობთ თქვენთვის და მართლმადიდებელ ეკლესიაში მშვიდობისა და ქრისტეში ერთობისთვის.

ღმერთმა მოგანიჭოთ მშვიდობა და შემდგომი წარმატებები თქვენს მაღალ მსახურებაში” ,- ნათქვამია წერილში, რომლსაც ხელს საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აწერს.

დატოვე კომენტარი