საქართველოს საპატრიარქო ვარაუდობს, რომ ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრაზე განმარტებას 15 იანვარს მიიღებს
საქართველოს საპატრიარქო ვარაუდობს, რომ ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრაზე განმარტებას 15 იანვარს მიიღებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის საკითხის გარკვევა საქართველოს საპატრიარქოში პროტოპრესვიტერ მამა გიორგი ზვიადაძეს დაევალა, ამის შესახებ ზვიადაძემ პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სერბეთის საპატრიარქოსთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ამ დრომდე მათთან კომუნიკაცია ვერ შედგა. მამა გიორგი ზვიადაძე ვარაუდობს, რომ სერბეთის საპატრიარქოდან პასუხს ორშაბათს, 15 იანვარს მიიღებს.

პირველი არხი აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ მომხდარის დეტალებს საქართველოს საელჩო სერბეთის საპატრიარქოსთან არკვევს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სერბეთის საპატრიარქოში სერბეთის პატრიარქს შეხვდა. ბიბილოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თან ახლავს სერბეთის საპატრიარქოში გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა.