საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვენაში პარლამენტის თავმჯდომარეების მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვენაში პარლამენტის თავმჯდომარეების მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ვენა პარლამენტის თავმჯდომარეების მსოფლიო კონფერენციას მასპინძლობს. ფორუმში მონაწილეობს ქართული დელეგაციაც. ავსტრიის დედაქალაქში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე იმყოფებიან.

კონფერენციას ქართული დელეგაცია ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოიყენებს. იგეგმება შეხვედრა 20-მდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან. ასევე, შეხვედრა გაიმართება ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებთან, ჯგუფთან, რომელიც 16 ქვეყანას აერთიანებს.

„კონფერენციის ფარგლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს დაახლოებით ორი ათეული შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან, მათ შორის შვედეთის, იტალიის, სლოვენიის, ავსტრიის, ესტონეთის, ასევე დიდი ბრიტანეთისა და რიგი აზიური და აფრიკული სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეებთან. შესაბამისად, ამ შეხვედრების თემატიკა იქნება განსხვავებული. ევროპულ ქვეყნებთან, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ჩვენ უნდა გადავდგათ ამ გზაზე. ასევე, 2024 წლის განაცხადზე. ხოლო აზიურ და აფრიკულ სახელმწიფოებთან წამყვანი თემა იქნება ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა, ასევე რიგ აზიურ ქვეყნებთან ვაჭრობის გააქტიურება და საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება. ასევე, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან. მასთან ვისაუბრებთ მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის აქტიურ მონაწილეობაზე“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ვენის ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველოს დელეგაციას აქვს შესაძლებლობა, შეხვდეს ბევრ კოლეგას, განიხილოს ყველა აქტუალური საკითხი საქართველოს პარლამენტისთვის და ზოგადად, საერთაშორისო პოლიტიკისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება შეხვედრა ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებთან. ეს არის ძალიან აქტიური ჯგუფი, რომელიც 16 ქვეყანას აერთიანებს. თქვენ იცით, რომ ეუთო კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და იცით მისი წევრები, ამიტომ ყოველთვის ვერ ხერხდება კონსენსუსის პრინციპის დაცვით მნიშვნელოვანი განცხადებების გაკეთება. ეს ჯგუფი გახლავთ სწორედ ის ქვეყნები, რომლებიც არაერთხელ ძალიან ცალსახად, მტკიცედ გამოხატავენ საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის წინააღმდეგ ძალიან მტკიცედ აფიქსირებენ პოზიციას და აქტიურად ეხმარებიან ჩვენს ქვეყანას კონკრეტული საკითხების გადაჭრაში, როგორიც არის, მათ შორის, ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემების მოგვარება, რაც მომდინარეობს განგრძობადი ოკუპაციიდან“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დატოვე კომენტარი