საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ფონდებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ფონდებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ფონდებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი და გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი და მოლოდინები, ასევე უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო.

„საქართველოს პარლამენტის წევრებმა ვრცლად ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და განხორციელებულ რეფორმებზე, ევროკომისიის მიერ გადმოცემული კითხვარის დროულად შევსებასა და ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნებისთვის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე არა მხოლოდ ამ ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის.

პოლიტიკური ფონდებისა და კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თავის მხრივ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებს ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ საკუთარი ხედვები გაუზიარეს“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე და კომიტეტის წევრები თეონა აქუბარდია და ჰერმან საბო მონაწილეობდნენ.