საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მიესალმა კონგრესის მზაობას, დააკვირდეს საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების პროცესს. მხარეებმა განიხილეს კონგრესის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობის შესაძლებლობები.

„შეხვედრაზე ქართველმა დეპუტატებმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თამარ ტალიაშვილმა, ხაზი გაუსვეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ ისეთი განცხადებების გაჟღერება, რომელიც გმობს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო მოქმედებებს. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ასეთი განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალური მდივანი ესწრებოდა, ასევე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ მინისტრის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი და რეგიონალური ბიუჯეტისთვის თანხების გამოყოფას და რაც თავის მხრივ მოიაზრებს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობისაა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. დეპუტატების განცხადებით, ამით ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე შემსუბუქდება პანდემიით გამოწვეული კრიზისული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

„შეხვედრის დასასრულს, კონგრესის პრეზიდენტმა გამოხატა მკაფიო სურვილი, მომავალშიც გაგრძელდეს მჭიდრო ურთიერთობა კონგრესსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის და გამოთქვა საქართველოში დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის საჭირო რეფორმების მხარდაჭერის უპირობო მზაობა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.