საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან
საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან

ქვეყნის პოტენციალისა და არსებული მდგომარეობის შესაფასებლად საქართველოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სათაო ოფისიდან ექსპერტების ჯგუფი ეწვია. აღნიშნული ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლოზანაში ყოფნის პერიოდში დაიგეგმა, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ტომას ბახს, სადაც სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.

ექსპერტები ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშილს შეხვდებიან. შეხვედრის ორგანიზებას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი და ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ უწევს. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები 7 მარტს მოინახულებენ გუდაურსა და ყაზბეგს, 8 მარტს კი ბორჯომ-ბაკურიანს.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სამთო კურორტების განვითარებაა და სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოში საერთაშორისო დონის შეჯიბრებების მასპინძლობა, რაშიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების მაღალი შეფასებები და მათთან თანამშრომლობა.

„მთის კურორტების განვითარებისა და საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის მიმართულებით, ოლიმპიური კომიტეტის სათაო ოფისიდან ექსპერტების ვიზიტი, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ საქართველომ 2030 წელს ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.