საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ჩარტერული რეისი, რომლითაც საქართველოში უკრაინიდან დელეგაცია უნდა ჩამოფრენილიყო, უკრაინული ავიაკომპანიის მოთხოვნით გაუქმდა

18:48, 30.10.2020

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ჩარტერული რეისი, რომლითაც არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით საქართველოში უკრაინული „რადას“ ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაცია უნდა ჩამოფრენილიყო, უკრაინული ავიაკომპანია „SkyUp Airlines”-ის მოთხოვნით გაუქმდა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს, გარკვეული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ უკრაინული „რადას“ ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციის ჩარტერული რეისი ქართული მხარის უარის გამო გაუქმდა.

გაცნობებთ, რომ ავიაკომპანია „SkyUp Airlines”-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა განაცხადი 30 ოქტომბერს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით კერძო ჩარტერული ფრენის განხორციელების მიზნით, ნებართვის გაცემის თაობაზე. “SkyUp Airlines”-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ჩარტერული რეისი მიზნად ისახავდა უკრაინის რადას დელეგაციის ჩამოყვანას, მათი დამკვირვებლების სახით არჩევნებზე დასწრების მიზნით.

თუმცა, 30 ოქტომბერს, 02:09 საათზე „SkyUp Airlines”-მა სააგენტოს კვლავ მომართა ფრენაზე ნებართვის მოთხოვნის ანულირების თაობაზე, რის მიზეზადაც დამკვეთი მხარის მიერ მოთხოვნილი ფრენის გაუქმება დაასახელა“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მიღებული შეტყობინება.

მსგავსი