საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ლიპეცკთან ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქად დაშავებულ მგზავრებს საქართველოში გადმოიყვანენ
საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ლიპეცკთან ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქად დაშავებულ მგზავრებს საქართველოში გადმოიყვანენ

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოხდება იმ მგზავრების საქართველოში გადმოყვანა, რომლებიც რუსეთის ქალაქ ლიპეცკთან ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქად დაშავდნენ და მათი ტრანსპორტირება შესაძლებელია, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„ავტოსაგზაო შემთხვევა რუსეთის ფედერაციის, ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რაიონის დასახლებულ პუნქტ იარკინოს მიმდებარედ 26 დეკემბერს მაგისტრალზე მოხდა, რომლის დროსაც ამოტრიალდა სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.

პირველადი მონაცემებით, ავტობუსით მგზავრობდა 19 პირი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 17 მგზავრი, მათგან შვიდი გადაყვანილია სტაციონარში და უტარდებათ საჭირო სამედიცინო დახმარება.  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.მოქმედებს ცხელი ხაზი. პირველივე შესაძლებლობისთანავე რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს სექციის თანამშრომელები გაემგზავრებიან შემთხვევის ადგილზე და დაშავებულებს მოინახულებენ“,- აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.