საქართველოს სახმელეთო საზღვრები დღეიდან იხსნება
საქართველოს სახმელეთო საზღვრები დღეიდან იხსნება

დღეიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები იხსნება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.

საბჭოს გადაწყვეტილებით, სახმელეთო საზღვრებზე იმოქმედებს იგივე რეჟიმი, რაც დღემდე საჰაერო საზღვართან მიმართებით მოქმედებდა.​ კერძოდ, სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, ქვეყანაში შემომსვლელები ვალდებულნი იქნებიან, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტარონ „პისიარ“ ტესტირება.

გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ომანი.

საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს მოეთხოვებათ ჯანმრთელობის დაზღვევა, შეძენილი თავიანთ ქვეყანაში ან – საქართველოში.