საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს უფროსის, ბექა მამარდაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს „კიბერ და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს“ (CISA) წარმომადგენლებთან;
„მხარეებმა განიხილეს უწყებებს შორის კიბერინციდენტებზე ინფორმაციის გაცვლისა და, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინირებული რეაგირების საკითხები. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს კიბერმედეგობასთან დაკავშირებული ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების გზით.
CISA-ს მთავარ ფუნქციას წარმოადგენს აშშ-ის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა კიბერინციდენტებისგან და ამ მიმართულებით ინფორმაციის გაზიარების პროცესის კოორდინაცია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.