სუს-ის მრავალშვილიან თანამშრომლებზე ყოველთვიური ფულადი კომპენსაცია გაიცემა
სუს-ის მრავალშვილიან თანამშრომლებზე ყოველთვიური ფულადი კომპენსაცია გაიცემა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მრავალშვილიანი თანამშრომლები, მათ შორის დამხმარე და გამოსაცდელი ვადით დანიშნულები, ყოველთვიურ ფულად კომპენსაციას მიიღებენ.

შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 26 იანვარს გამოსცა.

მთავრობის დადგენილების საფუძველზე ცვლილებები შევიდა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილებაში.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე და მისი ოჯახის წევრები ექვემდებარებიან ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

ამავე ცვლილებით, მრავალშვილიან, ოთხი ან მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში მოსამსახურეს (გარდა გაწვევითი ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისა და არამუდმივ ამოცანათა შესრულებისთვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურეებისა), ყოველთვიური კომპენსაცია მიეცემათ.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ოთხი შვილის მშობელზე კომპენსაციის სახით 250 ლარი გაიცემა, ხუთი შვილის მშობელზე – 375 ლარი, ექვსი შვილის მშობელზე – 500 ლარი, შვიდი და მეტი შვილის მშობელზე – 625 ლარი.

დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.