საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ნარიყალის ციხეზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ნარიყალის ციხეზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, „ახალგაზრდობის თანხმობის აქტის“ საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ნარიყალის ისტორიულ ციხეზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.

„ახალგაზრდობის თანხმობის აქტის“ საინიციატივო ჯგუფის ცნობით, ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოს სახელმწიფო დროშის მნიშვნელობისა და მისი, როგორც ეროვნული ერთიანობის, თანხმობისა და სუვერენიტეტის სიმბოლოს წარმოჩენას.

„საქართველოს დროშა აერთიანებს ქვეყნის ისტორიულ მემკვიდრეობას, თავისუფლებისათვის ბრძოლასა და საერთო მომავალზე პასუხისმგებლობას. ამასთან, წელს ახალგაზრდებმა, საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად, ევროკავშირის დროშის გამოტანაც გადაწყვიტეს, ნიშნად საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზისადმი ერთგულებისა. მათი შეფასებით, საქართველოს დროშა, სახელმწიფო სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები ყველაზე მყარად სწორედ ევროპულ ოჯახში იქნება დაცული“, – ნათქვამია „ახალგაზრდობის თანხმობის აქტის“ საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.