საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს უკრაინასთან ითამაშებს – რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

09:13, 02.07.2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს უკრაინასთან ითამაშებს. შეხვედრა ლატვიაში, 19:30 საათზე გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

საქართველო

ამ შეხვედრისთვის „ჯვაროსნები“ ლატვიაში მოემზადნენ, ანგოლასა და ლატვიასთან ამხანაგური მატჩებიც გამართეს, რომლებშიც არ უთამაშია კაპიტან თორნიკე შენგელიას. მან მომქანცველი საკლუბო სეზონი ახლახან დაასრულა. თორნიკე უკრაინასთან მატჩისთვის მზადაა. გუნდს ასევე დაუბრუნდნენ გოგა ბითაძე და ბექა ბურჯანაძე. ბექა თებერვლის შემდეგ ტრავმას მკურნალობდა და ახლა უკვე მწყობრშია. გოგა ბითაძე კი შუა სეზონისას ნაკრებს NBA-ს გამო ვერ ეხმარებოდა, ისევე როგორც სანდრო მამუკელაშვილი. გოგა უკრაინასთან ითამაშებს, მამუკელაშვილი – ვერა.

სანდრო რამდენიმე დღის წინ თავისუფალი აგენტი გახდა, ის აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა NBA-ს კლუბებთან და, აქედან გამომდინარე, მოქმედი საკლუბო კონტრაქტის არქონის გამო მისი დაზღვევა იურიდიულად შეუძლებელია.

 

უკრაინა

რაც შეეხება უკრაინის ნაკრებს, მისთვის საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის გზაზე დიდი ნაბიჯი იქნება. უკრაინელთა მთავარი მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი:

„საქართველოს რიდი, შენგელია და ბითაძე ჰყავს და უნდა ვიცოდეთ, მათ წინააღმდეგ რა მოვიმოქმედოთ.

პირველ მატჩში ქართველებთან სწრაფი კალათბურთი ვითამაშეთ და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ კიდეც. ამჯერადაც იგივე უნდა გავაკეთოთ – სწრაფად ვითამაშოთ და მათ არ მივცეთ მაღალ ტემპში თამაშის უფლება“.

 

სატურნირო ვითარება A ჯგუფში და ფორმატი

მსოფლიო ფორუმზე მოსახვედრად ევროპის კონტინენტიდან სულ 32 ეროვნული გუნდი იბრძვის. ისინი ფინალური ეტაპის 12 საგზურს ორეტაპიანი სისტემით, 6 სათამაშო ფანჯრის განმავლობაში გაინაწილებენ. საწყისი რაუნდის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გადავა, სადაც ექვსგუნდიანი ოთხი ახალი ჯგუფი დაკომპლექტდება.

ამჟამად მიმდინარე A ჯგუფში სიტუაცია ასეთია: 4-დან 4 მოგებით ცხრილის სათავეში ესპანეთია. მათ 2-2 გამარჯვებით უკრაინა და საქართველო მიჰყვებიან, ხოლო აუტსაიდერის პოზიციას დანია იკავებს, რომელსაც აქტივში არცერთი მოგება არ აქვს. ესპანეთსა და საქართველოს მეორე ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, დიდი ალბათობით კი, მათ კომპანიას უკრაინაც გაუწევს, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, სატურნირო ცხრილში მას დანიამ გადაასწროს.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში გაიმართება, ნაკრებები მხოლოდ იმ ახალ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. საბოლოო ჯამში, ამ ახალი ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო გუნდი მსოფლიო პირველობის საგზურს მოიპოვებს.

ისტორიული რეტროსპექტივა: საქართველოს ნაკრების დებიუტი მსოფლიო ფორუმზე 2023 წელს შედგა. იაპონიაში, F ჯგუფში ასპარეზობისას ქართველებმა კაბო ვერდესა და ვენესუელას სძლიეს, სლოვენიასთან მარცხის მიუხედავად კი მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. მეორე რაუნდში ჩვენი გუნდი მსოფლიოს მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან და ავსტრალიასთან დამარცხდა და ტურნირი საპატიო მე-16 პოზიციაზე დაასრულა.

 

 

მსოფლიო ჩემპიონატი 2027

მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს 2027 წლის 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით კატარი უმასპინძლებს. მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე, კატარი ამ დროისთვის ერთადერთი გუნდია, ვისაც ტურნირზე თამაში გარანტირებული აქვს. ჩემპიონატში სულ 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ადგილები კი კონტინენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

ევროპა: 12 ადგილი

ამერიკა: 7 ადგილი

აზია-ოკეანეთი: 7 ადგილი

აფრიკა: 5 ადგილი

მსგავსი