საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს საბერძნეთს დაუპირისპირდება
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს საბერძნეთს დაუპირისპირდება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს საბერძნეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, ილიას ზუროსის გაწვრთნილებმა, თელ-ავივში – ისრაელთან გამარჯვებით (85:80) დაიწყეს და ამ მოგებით სატურნირო ცხრილშიც გადაუსწრეს.

მეორე ტურში ილია ზუროსის გაწვრთნილები საბერძნეთის ძლიერ გუნდს დაუპირისპირდებიან. მატჩამდე კალათბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს.

ილია ზუროსი – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:  – „საბერძნეთის ნაკრები მაღალი კლასის კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული და ძლიერი გუნდია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ორი დღის წინ სერბეთი დაამარცხეს და მათი ბალანსი 7:0-ზეა. თუმცა ჩენი მიზანი გამარჯვებაა და შევეცდებით, სათამაშო სტრატეგია განვახორციელოთ და გულშემატკივარი გავახაროთ”.

დუდა სანაძე – საქართველოს ნაკრების მოთამაშე: „უმნიშვნელოვანესი თამაში გველის, რომლის შედეგიც საქართველოს ნაკრების შემდგომ შანსებს განაპირობებს. ძალიან სერიოზული მეტოქე გვყავს, მაგრამ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ. მოტივაციაც დიდია – სახლში ვთამაშობთ, სადაც თამაში ყველას უჭირს“.

თორნიკე შენგელია – საქართველოს ნაკრების მოთამაშე: „ისრაელში მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგთ. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ეს გუნდური თამაშის შედეგი იყო, სადაც ყველამ თავისი წვლილი შეიტანა. იმედია, ბერძნებსაც იგივეს დავუპირისპირებთ. ამაში კი გულშემატკივარიც უნდა დაგვეხმაროს”.

შეხვედრა 16 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას 19:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.