საგარეო უწყებასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საგარეო უწყებასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ და იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სასწავლო/სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ირინე ქურდაძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო სამართლის სასწავლო/სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის არსებული თანამშრომლობის განმტკიცებას და ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტ ჩართულობას საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამართლებრივ უზრუნველყოფაში.

ხელშეკრულება ითვალისწინებს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინსტიტუტს შორის თანამშრომლობას   საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებზე კონფერენციების, ფორუმების, კონგრესების, სემინარების და სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზებას და ამ მიზნით, ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გამოყენებას.

მემორანდუმი ასევე გულისხმობს საერთაშორისო სამართლის მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მაგისტრანტებისთვის პრაქტიკებისა და სტაჟირების პროგრამის შემუშავებას, ისევე როგორც ინსტიტუტის აკადემიური წრის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გზით საჯარო ლექციების და სემინარების ჩატარებას საერთაშორისო სამართლის აქტუალურ თემებზე და სამინისტროსთვის, აქტუალობიდან გამომდინარე, შესაბამისი საექსპერტო ხასიათის დოკუმენტების შემუშავებას.

საქართველოს საგარეო სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გაფორმებას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.