საქართველოს საგარეო უწყება - უნგრეთი არის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი
საქართველოს საგარეო უწყება - უნგრეთი არის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი

უნგრეთი არის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, უნგრეთის პრემიერი ნატო-ს სამიტზე ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრისას მიღებული ყველა გადაწყვეტილების დაბლოკვას აპირებს.

საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი, რაც არაერთხელ დაფიქსირებულა უნგრეთის მხრიდან, მათ შორის, მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრების დროს, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.

რაც შეეხება უკრაინულ მედიაში ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით თითქოსდა უნგრეთის პრემიერის განცხადებას, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – განუცხადეს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრის ფარგლებში მიღებული ყველა გადაწყვეტილების დაბლოკვას აპირებს.

გამოცემის მტკიცებით, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ვიქტორ ორბანი აპირებს, ხმა მისცეს ნებისმიერი დოკუმენტის წინააღმდეგ, რომელსაც ალიანსის წევრებს საქართველოსა და უკრაინელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ შესთავაზებენ.

„ევროპეისკაია პრავდა“ აღნიშნავს, რომ უნგრეთის საგარეო უწყებამ აღნიშნული წერილი ნატო-ს გენერალურ მდივანს უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ გაუგზავნა. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბუდაპეშტმა ნატო-ს სამიტში უკრაინის მონაწილეობის წინააღმდეგ ვეტოს გამოყენებაზე უარი თქვა და კიევი სამიტზე დაუშვა. ამასთან, შეხვედრის შემდეგ მხარეებმა უკრაინაში მიღებული განათლების შესახებ კანონთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმების მიღწევის შესახებ განაცხადეს. თუმცა იენს სტოლტენბერგისთვის გაგზავნილ წერილში უნგრეთი აცხადებს, რომ უკრაინასთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, ბუდაპეშტსა და კიევს შორის ურთიერთობები უკვე რამდენიმე თვეა, დაძაბულია. ამის მიზეზი კი უკრაინაში განათლების შესახებ მიღებული კანონია, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს მათ მშობლიურ ენაზე სწავლას უკრძალავს.