საქართველოს საგარეო უწყება - TANAP-ის გახსნის ცერემონიაზე მთავრობიდან მაღალი დონის დასწრება ვერ მოხერხდა
საქართველოს საგარეო უწყება - TANAP-ის გახსნის ცერემონიაზე მთავრობიდან მაღალი დონის დასწრება ვერ მოხერხდა

არსებული დღის წესრიგიდან გამომდინარე, ​ტრანსანატოლიური მილსადენის (TANAP) გახსნის ღონისძიებაზე მთავრობიდან ვერ მოხერხდა მაღალი დონის დასწრება, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ცერემონიას თურქეთში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე დაესწრო.

„საქართველო, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად აქტიურად არის ჩართული ამ პროექტში, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო პროექტებში და საქართველოს როლი არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის კასპიის ზღვის ენერგორესურსების დასავლეთით ტრანსპორტირების პროცესში“, – აღნიშნავენ უწყებაში.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღის წესრიგის შესახებ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ თურქეთში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავდნენ, თუმცა მარგველაშვილის გრაფიკიდან გამომდინარე ეს ვერ მოხერხდა.

TANAP-ის გახსნის ცერემონიას დღეს თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სერბეთის პრეზიდენტები დაესწრნენ.

ტრანსანატოლიური მილსადენი (TANAP) საქართველო-თურქეთის საზღვრიდან იწყება და დასავლეთისკენ თურქეთის მთელ ტერიტორიას კვეთს.

კასპიის ზღვიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან გაზი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სწორედ ტრანსანატოლიურ მილსადენში მოხვდება.

ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ბუნებრივი აირის მიღების საშუალება ევროკავშირის ქვეყნებსაც ექნებათ.

TANAP-ი პირველ ეტაპზე წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებას შეძლებს.

დატოვე კომენტარი