საქართველოს საგარეო უწყება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საგარეო უწყება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა საქართველოს ვიზიტით, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ტურნეს ფარგლებში, 28 აპრილს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, 2018 წლის შემდეგ ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. 26-28 აპრილს, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს.